განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. სახელმწიფო მინისტრი დღეს ტორონტოში ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ჯული ლინდჰაუტსა და ონტარიოს განათლების მინისტრის მოადგილეს კევინ კოსტანტეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რაც კანადურმა მხარემ დადებითად შეაფასა. რეფორმების ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას და ამ მხრივ საქართველოში ინგლისურენოვანი 1000 მოხალისე მასწავლებლის მოწვევას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდებიან და მოსწავლეებს ინგლისურს პირველივე კლასიდან შეასწავლიან. პროგრამაში კანადელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, ბრიტანელი, ახალზელანდიელი და ირლანდიელი მასწავლებლები ჩაერთვებიან.
ტორონტოში კანადელ კოლეგებთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ კანადის განათლების სამინისტრო სკოლებსა და სკოლების საბჭოებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ამ პროგრამის შესახებ და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მოხალისე მასწავლებლების მოზიდვას.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და კანადის უნივერსიტეტების ურთიერთობაზე. შაშკინის თქმით, ქართული მხარე ითანამშრომლებს კანადურ მხარესთან, რათა ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცეთ განათლების მიღება კანადაში გააგრძელონ.
შაშკინი დღესვე ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს ჯული ლინდჰაუტს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე ესაუბრა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ტორონტოდან ოტავაში გაემგზავრა, სადაც ის სახელმწიფო მინისტრს დემოკრატიული რეფორმების საკითხებში სტივენ ფლეტჩერს შეხვდება.