კომპანია ,,ვაზისუბნის მამული" ვაზისუბანში ვენახს გააშენებს. საქართველოს მთავრობის №843 განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიას გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე 19503 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 107400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 235289 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 57 ათას 500 ლარად გადაეცემა.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ,,ვაზისუბნის მამული" ვალდებულია გადაცემული ქონებიდან 350 000 კვ.მ მიწის ფართობზე ვენახი გააშენოს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 150 000 კვ.მ მიწის ფართობზე;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 250 000 კვ.მ მიწის ფართობზე;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 მაისამდე არანაკლებ 350 000 კვ.მ მიწის ფართობზე;
პირობების მიხედვითვე კომპანიას აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 2019 წლის 30 მაისამდე, არანაკლებ 700 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.