ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მეცხოველეობის ფერმა აშენდება. როგორც საქართველოს მთავრობის№846 განკარგულებიდან ირკვევა, კომპანია „დოლამისს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში 858454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაშიც კომპანია 19 000 ლარს გადაიხდის.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე უზრუნველყოს მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 60 სულ პირუტყვზე.
ფერმის მშენებლობისთვის კი ინვესტორს 2 წლის ვადაში არანაკლებ 80 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
მთავრობის განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიეცეს თანხმობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „დოლამისს" იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლოლაში მდებარე 345821 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით.
ხოლო გადაცემულ ნივთზე სარგებლობის პირობებად განისაზღვროს წლიური საიჯარო ქირის, 1200 ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად, საანგარიშო პერიოდის ყოველი პირველი თვის ბოლოს;
მასალის გამოყენების პირობები