ესტონური კომპანია Skinest Group-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიისდამფუძნებლის, ოლეგ ოსინოვსკის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
Skinest Group-ის ერთ-ერთი კომპანია AS Skinest Hydro აჭარის რეგიონში, კინტრიშში 100 მეგავატი სრული დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტში კომპანია 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლეგ ოსინოვსკის ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმა თავი დაცულად იგრძნოს.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ესტონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები