ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.
დავით დონდუა შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ჟაკ ოდიბერს, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ადმირალ დუ შეს და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს პატრიცია ადამსს.
შეხვედრებში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკა სირაძე-დელონი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დოლიძე და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია.
შეხვედრების ძირითადი თემა ნატოს 2014 წლის სამიტი და იქ საქართველოსთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება იყო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო უსაფრთხოების ვითარებას საქართველოსა და რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენას რეგიონის ქვეყნებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ორმხრივ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და სხვა, ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დროს ფრანგულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და აღინიშნა, რომ ყველაფერი ეს სათანადოდ უნდა აისახოს სამიტის დოკუმენტებში.