22 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმა გააცნო.
ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს კულტურის სფეროში.
კულტურის პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, „იუნესკო" და ევროკომისია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის მუშაკები, მასმედია, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი.
კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად.
პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.