რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო საკითხები განიხილეს ყაზახეთის ქალაქ ასტანაში 22 მაისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "TRANSEURASIA 2014", რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. კონფერენცია დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო მიმართულებების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის დროს საუბარი წარიმართა ეროვნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მათ ჰარმონიულ ინტეგრაციაზე საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებთან.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩინეთის, სომხეთის, ესტონეთის, რუსეთის, ლიტვის, ლატვიისა და სხვა სატრანსპორტო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ ისაუბრა საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებზე, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს და ხაზი გაუსვა მათ უდიდეს მნიშვნელობას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით. ასეთ პროექტებს შორის კონფერენციაზე დასახელებული იყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა ევროპასა და აზიას შორის.
კონფერენციის დასასრულს, მისმა მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებების განვითარების მნიშვნელობას.