22 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საზოგადოებას კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმას გააცნობს.
ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს კულტურის სფეროში.
კულტურის პოლიტიკა მთლიანად ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, უნდა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, „იუნესკო" და ევროკომისია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის მუშაკები, მასმედია, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორი და ყველა დაინტერესებული პირი.
კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად.
პრეზენტაციას დაესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.