ეკონომიკური ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში გაწევრიანებას უნდა დათანხმდეს, თუმცა "კარგ ფასად".
"სიმართლე გითხრათ, კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, რომ საქართველომ თანხმობა განაცხადოს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე, არ ვარ. ეს არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ამაში შესაბამისი ფასი უნდა მივიღოთ. საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია და შესაბამისი თანხმობის მიცემა შესაძლებელია, თუნდაც იმის სანაცვლოდ, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის უპირობო გახსნა მოხდება", - განუცხადა ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თანგამაძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის ვარაუდითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვისთვის თანხმობის მიცემას აპირებს და ამ საკითხზე მასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ თარგამაძის ეჭვები მართალი იყოს და მსგავსი ფარული მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდეს.
"ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან ხელისუფლების ფარული მოლაპარაკებებით ჯერ ენგურჰესის გასხვისებაზე გაფორმდა მემორანდუმი, შემდეგ კი ლარსი გაიხსნა ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავთ", - განმარტა ხუხაშვილმა.
ამასთან, ექსპერტის ვარაუდით, საქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს, ამიტომ სჯობს ამ საკითხს თავიდანვე პოზიტიური კუთხით შეხედოს.
"შეიძლება ჩვენს ინტერესებშიც შედიოდეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ამას პოზიტიური კუთხით უნდა შევხედოთ, ანუ სანაცვლოდ შესაბამისი ფასი მივიღოთ. ეს დათმობა, რა თქმა უნდა, უპირობო კაპიტულაციის ხასიათს კი არ უნდა ატარებდეს, როგორც ეს ლარსის საბაჟოს გახსნასის შემთხვევაში მოხდა", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".