"აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, - აღნიშნულის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ხარისხის ასოციაციას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გავრცელებისა და დამკვიდრების შესახებ.
"საქართველოს ხარისხის ასოციაცია" ქართულ კომპანიებს მოუწოდებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და ევროპულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქტს. "აწარმოე საქართველოში" უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. წარმოებული პროდუქციის განმასხვავებელი თვისება კი უნდა იყოს მაღალი ხარისხი.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ქართული კომპანიები მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული ხარისხზე, რადგან "წარმოებულია საქართველოში" უნდა გახდეს მაღალი ხარისხის სინონიმი.
სახელმწიფომ, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების წახალისებას. დღეს არსებული მდგომარეობით, იმპორტირებული პროდუქცია არ ექვემდებარება კონტროლს, ქართული სამომხმარებლო ბაზარი კი უხარისხო პროდუქციის გასაღების პოლიგონად არის ქცეული, რაც ადგილობრივ წარმოებას არათანაბარ პირობებში აყენებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ უნდა დააწესოს გარკვეული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ქართული პროდუქტი უნდა გახდეს პრიორიტეტული. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ტენდერებსა და შესყიდვებში ლიდერი ქართული კომპანიები გახდნენ"- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხარისხის ასოციაცია მზად არის ჩაერთოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში. კერძოდ, ხელი შეუწყოს ხარისხის პროფესიონალების მომზადებასა და ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვას ქართულ საწარმოებში. ასევე, პროგრამის "ხარისხის ნიშანი" მეშვეობით, გამოავლინოს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და წაახალისოს მათი წინსვლა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.