„აწარმოე საქართველოში" ბევრ სადავო საკითხს მოიცავს, აღნიშნულის შესახებ განცხადება სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ პროგრამა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და შეიცავს კორუფციულ რისკებს.
„აღნიშნული პროგრამა შეიცავს ბევრ სადავო საკითხს. პირველ რიგში საეჭვოა ანტიმონოპოლიური თვალსაზრისით, როცა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს. შეიცავს კორუფციულ რისკებსაც. მაგალითად, ვის აჩუქებენ უფასოდ უძრავ ქონებას, შენობებს, მიწებს? სწორედ ასეთ საქციელს უწუნებდნენ წინა ხელისუფლებას, როცა აჭარაში და სხვაგანაც ერთ ლარად იქნა გადაცემული მიწები და სისხლის სამართლის საქმეებიც კი არის აღძრული. ხომ არ მიიღებს ასეთი გადაცემა ქონების "შერჩევით" ხასიათს? მაგალითად, უამრავმა ადამიანმა კომერციულ საწყისებზე შექმნა თხილის მოშენება - გადამუშავების ბიზნესი. ახლა კი ვიღაც მიიღებს უპროცენტო კრედიტს და მიწას უფასოდ. უსამართლობა კონკურენციისა და მორალური თვალსაზრისითაც. მთლიანობაში, არა მარტო ეს, არამედ იაფ კრედიტებზე დამყარებული ეს პროგრამები გაუმართავია. არა და მთლიანობაში ბიუჯეტიდან გასაცემი თანხები 300 მილიონს აღწევს"- აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოცირიძე და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მიუკერძოებელი კომისიის არსებობა, რომ სამართლიანად მოხდეს თუნდაც იგივე უძრავი ქონების გადაცემა და რომ შერჩევა არ იყოს ნაცნობობითი, პარტიული ან სხვა ნიშნით.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა რესურსი ჯანსაღი საბაზრო კონკურენციით უნდა იყოს განაწილებული და არა ჩინოვნიკის მიერ.
„მერე იწყება ძიება, რატომ არ გაამართლა, ვის რატომ ერგო ესა თუ ის სიკეთე, მერე დევნა, დაჭერები და პოლიტიკური ინტერპრეტაცია ბიზნესინიციატივების. ასე ხდება ყოველთვის, როცა სხვისი, არავისი, ანუ სახელმწიფო ქონებით და სახსრებით ხდება მანიპულირება"- აცხადებს გოცირიძე.