20-21 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი ეწვევა. სომხეთის დელეგაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უმასპინძლებს.
სომხეთის კულტურის მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან კულტურის სამინისტროს შიდა კავშირების სამმართველოს უფროსი სვეტლანა სააკიანი, თეატრის მოღვაწეთა გაერთიანების თავმჯდომარე აკოპ კაზანჩიანი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ოვანეს სანამიანი.
სომხეთის დელეგაცია მოინახულებს საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და საქართველოს ღირშესანიშნაობებს. ასევე ქართველ კოლეგებთან განიხილავს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
20 მაისი
20 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ- გრუზინსკი და მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩეველი პეტრე კანკავა და სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ვაჰაგნ აფიანი.
16:30 საათზე სომეხი სტუმრები ეწვევიან ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერებენ ექსპოზიციას „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum). გამოფენაზე საქართველოს, სომხეთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი.
17:30 საათზე სტუმრები მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ სერგო ფარაჯანოვის ძეგლს.
17:50 საათზე დელეგაცია ეწვევა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს, სადაც საგამოფენო დარბაზებსა და სომხურ-ქართული კულტურული ურთიერთობების ამსახველ მასალებს დაათვალიერებს. საგანგებოდ სტუმრებისთვის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სასულე კვინტეტი.
21 მაისის პროგრამა კი ასეთია:
21 მაისს, 11:00 საათზე, სომხეთის დელეგაცია საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, მინისტრის მრჩეველ გიორგი გეგეჭკორთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) ეკლესიას ეწვევა.
11:45 საათზე სტუმრები სურბ ნიშნის (წმინდა ნიშანი) ეკლესიას მოინახულებენ. სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სტუმრებს ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. სურბ ნიშნის ეკლესიის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი წელს დასრულდა. გამაგრდა საძირკველი, რის შედეგადაც, ძეგლის ნგრევის საშიშროება აღარ არსებობს.
12:30 საათზე სტუმრები სომხურ თეატრს მოინახულებენ, შეხვდებიან თეატრის დასს და სომხურ ინტელიგენციას.
13:30 საათზე სომხეთის დელეგაცია გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს და მე-19 საუკუნის მეგრულ სახლს, მის კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას გაეცნობა. სტუმრები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხაჩკარების ახალ ექსპოზიციასაც მოინახულებენ.