საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიანი წესს შეიმუშავებს.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ გამართეს.
ნინო კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება მთავრობის წევრთა, თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების საკითხისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მიიღო.
„ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სისტემა, როემლიც მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ხელფასების და დანამატების თუ პრემიების საკითხს. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე სისტემა, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. სისტემა უნდა იყოს სტანდარტიზებული, თუმცა ითვლისწინებდეს განსაკუთრებით მძიმე და დიდ რისკთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციფიურობას. ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მუშაობა და პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გავლილია. ამიტომ, ეს პროცესი უმოკლეს ვადებში უნდა დავასრულოთ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მისმა მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ, ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა არაუგვიანეს 30 ივნისისა უნდა წარადგინონ.