იტალიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებს შორის გაფორმებული ,,დაძმობილების ხელშეკრულება" გაბათილდება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, როგორც იტალიის საელჩოსთან საქართველოში, ასევე, ჩვენი საელჩო იტალიაში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა. მათგან მიღებულია პასუხი და მე მინდა ამის ციტირება მოვახდინო:- "ასეთი ინიციატივები არ ასახავს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას აფხაზეთის საკითხზე, რაც უცვლელია, უფრო მეტიც იტალიის კანონმდებლობით, რაც აწესრიგებს ადგილობრივი ორგანოების საერთაშორისო საქმიანობას, 2014 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმებები არ მიიჩნევა ნამდვილად და საგარეომ მათი გაბათილება, გაუქმება უკვე მოითხოვა", - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და იტალიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და ოქმების გაფორმებებმა სულ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ამ დროისათვის ამგვარი ხელშეკრულებები და ოქმები უკვე გაფორმებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ ქალაქთან.
ამას გარდა, სეპარატისტები სულ უფრო და უფრო ხშირად მასპინძლობენ იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს და თავადაც ახორციელებენ ვიზიტებს ამ ქვეყანაში. მათ შორის ფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც. ]
ამჯერად, გაგრისა და სარდინიის ქალაქ სოროკის შემდეგ, იტალიის ქალაქ სან-ანტიოკოში ქალაქებს სან-ანტიოკოსა და სოხუმს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმი გამფორმდა. ანალოგიური „მეგობრობისა და თანამშრომლობის" ოქმები გაფორმდა ქალაქ სან-ჯოვანი სუერჯუსა და ქალაქ ბიჭვინთას შორის, ქალაქ კაზალეტტოსა და ახალ ათონს შორის.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზური მხრიდან შესაბამის ოქმებს ხელი დასახელებული ქალაქების ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა მოაწერეს იტალიური მხრიდან კი იტალიური ქალაქების მერებმა.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს, 7 მაისს გაგრაში სარდინიელ ბიზნესმენებსა და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.
ოქმის გასაფორმებლად იტალიელი სტუმრები ოკუპირებულ აფხაზეთში იყვნენ ჩასულნი. აფხაზური მხარის ინფორმაციით, „გაგრის რაიონის ადმინისტრაციაში მეგობრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმს ხელი სარდინიის წარმომადგენელმა, შპს „ფაროს"-ის გენერალურმა დირექტორმა როკკო მელონიმ (იტალია) და გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გრიგორი ენიკმა მოაწერეს".
მანამდე, ერთი წლის წინ გაგრასა და სარდინიის ქალაქ სოროკის ადმინისტრაციას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. „ამჯერად, კი იტალიელი ბიზნესმენები უკვე თავად ჩამოვიდნენ აფხაზეთში",_ წერს აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა ეხება სოფლის მეურნეობის, საკურორტო და სარესტორნო ბიზნესის სფეროებს, იტალიური პროდუქციის იმპორტს და აფხაზური პროდუქციის ექსპორტს.