„სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ქსელის მასშტაბით ინოვაციური სამედიცინო სერვისების განვითარებას გეგმავს. განახლებული სტრატეგიის ფარგლებში ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის ქირურგიის განვითარება იწყება, რომლის ბოლო ეტაპი ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვას მოიცავს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს თურქეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, „კენტის" წარმომადგენლები ეწვივნენ.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ხელძღვანელი მურად ქილიჩი, მედიცინის დოქტორი მურად ზეითუნლუ და ქირურგიული განყოფილების მთავარი მიკროქირურგი მეჰმედ ალპერი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქსელში არსებული ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის დათვალიერება და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განხილვა.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" წარმომადგენლების განცხადებით კორპორაცია წელიწადზე მეტია თურქეთის ცნობილ ტრანსპლანტოლოგებთან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მოეწყო გაცნობითი სამუშაო შეხვედრები თურქეთში, რასაც მოჰყვა ქსელის სამედიცინო მედპერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა „კენტის" სამედიცინო ცენტრში.
საქართველოში ღვიძლის ციროზით დაავადებულთა მაღალმა მაჩვენებლმა ღვიძლის ქირურგიული მკურნალობის მიმართულებით საკითხის აქტუალურობა გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვის ბაზაზე აღჭურვილობის და კვალიფიკაციის არ არსებობის შედეგად დღემდე არ განხორციელებულა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.