16 მაისს, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოში ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობაზე, რომელზედაც განისაზღვრება ევრობანკის საშუალოვადიანი მიმართულებები და მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა.
წლიური შეხვედრები მასპინძელ ქვეყანას ეხმარება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში და ბანკის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკურ ინტეგრაციაში.
ევრობანკის პრეზიდენტის განცხადებით, EBRD-ი საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2014 წელს ევრობანკის ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში დაახლოებით 250 მლნ ევროს ოდენობის იქნება, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „მოხარული ვარ, რომ 2015 წელს ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლად საქართველო შევარჩიეთ. შეხვედრის გამართვა თბილისში არის შანსი, საქართველომ ევრობანკის აქციონერებს, ინვესტორებს გააცნოს ის პროგრესი, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია," - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
დღევე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა პოლონეთის ეროვნული ბანკის მმართველს მარეკ ბელკას. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას. პოლონურმა მხარემ, როგორც ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრის მანპინძელმა ქვეყანამ ქართული დელეგაციის წევრებს გაუზიარა, ის გამოცდილება, რომელიც უკავშირდება ამგვარი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებას.
ფინანსთა მინისტრმა პოლონეთის ეროვნული ბანკის მმართველი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას.