15 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება.
ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია ტრადიციულად, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმების კვირეულის ფარგლებში იმართება. ღონისძიებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვება. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა 2013-2014 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს, მუზეუმის საერთაშორისო აღიარებებსა და მიღწევებს - წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიო სამუზეუმო ქსელის წევრი გახდა (Global Museum Leaders Colloquium, METROPOLITAN MUSEUM). ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც მოეწყობა.
18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სახელწოდებით - „თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum) გამოფენა მოეწყობა.
გამოფენა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ეწყობა. თანამედროვე ხელოვანები გერმანიიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან სხვადასხვა სტილის ნამუშევრებში ასახავენ მუზეუმს, როგორც დაწესებულებას, კოლექციას, არქიტექტურულ ქმნილებასა თუ დიზაინერის მიერ შესრულებულ ექსპოზიციას.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).