საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, 13-14 მაისს, თბილისში უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიის Colliers International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ხელმძღვანელი, კრის მაქლერნონი ჩამოვა.
უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიის „Colliers International"-ის გენერალური დირექტორი, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. კრის მაქლერნონი გახსნის Colliers International Georgia-ს ლიცენზირებულ ოფისს და ამასთან დაკავშირებით 14 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში", პრესკონფერენციას გამართავს.
Colliers International Georgia-ს ოფისი კოსტავას ქუჩაზე, გრატოს ბიზნეს ცენტრში განთავსდა და კლიენტებს 15 მაისიდან მოემსახურება. გუნდი გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა. Colliers International-ის სამუშაო პრინციპს წარმოადგენს ადგილობრივი გამოცდილების და გლობალური ცოდნის შერწყმა, რაც კლიენტისათვის განსაკუთრებული სერვისის შექმნას გულისხმობს.
Colliers International Georgia სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებსა და დეველოპერებს. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარმოადგენს.
„ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია უძრავი ქონების მფლობელებს და ინვესტორებს მომსახურების ახალი სტანდარტი შევთავაზოთ საქართველოში და დავაკავშიროთ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებთან," - აცხადებს Colliers International Georgia-ს მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე.
Colliers-ს აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება, რამოდენიმე პროექტზე კომპანიამ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულა. აქამდე კომპანიის სერვისის მისაღებად მომხმარებელი ლონდონის, კიევის ან სტამბულის ოფისებს მიმართავდა.
Colliers-ი უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიების სამეულში შედის და მსოფლიოს 63 ქვეყანაში 485 ოფისით არის წარმოდგენილი. კომპანიის წლიური ტრანზაქციების მოცულობა 75 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო მისი რეგიონალური სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. თბილისის ოფისი სწორედ მას დაექვემდებარება.