წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის სკვერში გაიხსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით "2039 - მეტი, ვიდრე უბრალოდ წყალი". ფოტოგამოფენა ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და კომპანია "ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ორგანიზებით გაიმართა. წარმოდგენილი იყო ლიტველი ფოტომოყვარულის ტომას კაუნეცკასის ნამუშევრები. ღონისძიებას ქალაქის ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანთან ერთად, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ესწრებოდა.
"წყლის რესურსების საერთაშორისო დღე საქართველოში ყველა წელს სხვადასხვაგვარად აღინიშნება. გარემოს დაცვის სამინისტრო დიდი სიამოვნებით უერთდება ლიტვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოების ინფორმირება - სწორი მესიჯების გაგზავნა წყლის რესურსების რაციონალურად განმოყენებისთვის", - განაცხადა ზედგინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.