ქუთაისის № 17 საჯარო სკოლაში საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინგლისურ ენაში კონკურსის - The Best Linguist მეორე ტური ჩატარდა. მის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე აკვირდებოდა.
კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ("ირმის ნახტომი"), ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი სამტურიანია და მისი მიზანია მოსწავლეთა შორის ინგლისური ენის ცოდნისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების გამოყენების ხარისხის დადგენა და საუკეთესო "ლინგვისტის" გამოვლენა.
კონკურსის მოთხოვნებია: ინგლისური ენის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად (კლასების მიხედვით), კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა, ტექსტის აკრება ონლაინრეჟიმში, პირადი ელფოსტის არსებობა.
როგორც ცნობილია, 2010 წლის 1-ელ მარტს დასრულდა კონკურსის I ეტაპი. რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ქარელი, ზესტაფონი, საჩხერე, ბათუმი, სამტრედია, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ტყიბული) 280-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 22 მარტს ქუთაისში №17 საჯარო სკოლაში II ონლაინ ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა I ტურში გამარჯვებულმა 213 მოსწავლემ მიიღო, მათ დავალება ი.ს.ტ. ტექნოლოგიების გამოყენებით საკანცელარიო რესურსების გარეშე შეასრულეს.
კონკურსის III დასკვნითი ტური აპრილში გაიმართება და მასში ყველა ის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, ვინც წარმატებით გაივლის მეორე ტურს. გამარჯვებული მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოვდებიან.