ჟურნალისტს გარკვეულწილად, მედიის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, აქვს სწორედ ეს ერთ-ერთი უპირატესობა, რომ შეიძლება წყარო არ გაამჟღვანოს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბაშვილმა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფარული ჩანაწერების მოსალოდნელ გამოქვეყნებას შეეხება.
"წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს ჟურნალისტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა ჟურნალისტის, საერთოდ მედიის დამოუკიდებლობის", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, ჟურნალისტს გარკვეულწილად, მედიის დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, აქვს უპირატესობა, რომ შეიძლება წყარო არ გაამჟღვანოს.
„ამ შემთხვევაში უფრო ვალდებულება ჯაბნის ამ უპირატესობას, ეს უკვე დეტალების საკითხია, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არის გაწერილი. მე უფრო ზუსტად ამაზე სხვა პასუხს ვერ მოგცემთ", - განაცხადა კუბლაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.