საქართველოს ხელისუფლება პროკურატურის დღევანდელი განცხადებით ადასტურებს, რომ სწორედ ის არის ჩვენთან ფარული ჩანაწერების და მიყურადების ავტორი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვარამია მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ მათი ვერსია დაადასტურეს და იმ აგენტების დასახელება მოახდინეს, ვინც "რუსთავი 2"-ში "ძირგამომთხრელ საქმიანობას" ეწეოდა, - "ადამიანები, რომლებიც დასახელდნენ, პირველები იყვნენ, ვიზეც ჩვენ ვეჭვობდით".
შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ დაცვის ხელმძღვანელისა და დამლაგებლების ცვლის უფროსზე, რომლებიც შეუზღუდავად აკონტროლებდნენ „ჩვენს ოთახებს და ასევე თვითონვე აკონტროლებდნენ, სხვა ვინმე შედიოდა თუ არა ოთახებში".
„მთელი ეს ხაზი მიდის ბატონ ბუნტურიძემდე, რომელიც აქ იყო დაცვის უფროსი, რომელიც დღეს არის სასჯელაღსრულების სამინისტორში მაღალ თანამდებობაზე. ის "რუსთავი 2"-დან 2012 წლის დეკემბერში წავიდა ისე, რომ არც დაგვმშვიდობებია. ძალიან დიდხანს გვეგონა, რომ მუშაობდა საპატრიარქოში, რადგან თვითონ ავრცელებდა ამ ვერსიას, თუმცა მერე აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან მაღალ თანამდებობაზე სამინისტორში. ბატონი კოვზიაშვილი და მკევლიშვილი არიან მის მიერ პირადად მოყვანილი პირები აქ და წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ დაცვას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ უარყო კოვზიაშვილის მიერ მიცემული ჩვენება, რომ ის მას ესაუბრა, თითქოს სადმე რაიმე ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული.
როგორც გვარამია აცხადებს, სინამდვილეში მოხდა ის, რომ კოვზიაშვილმა შენობაში შემოწმება გადაიღო, ნამდვილად ფარული მიყურადების აპარატურა იდგა თუ არა.
"ამ შემოწმებაზეა საუბარი, რომელიც ჩავატარეთ სამუშაო საათებში. მე ვსვამ ლოგიკურ კითხვას, თუ გვინდოდა ჩვენსავე ოთახებში კამერების დაყენება, ამას ვაკეთებდით მთელი კორპორაციის დასანახად, დღის საათებში და ვიღებდით მტკიცებულებებს ჩვენსავე წინააღდმეგ?! სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მიჰყვება ბატონი ღარიბაშვილის ლოგიკას, რომელმაც, როგორც კი ეს ამბავი გაირკვა, იმთავითვე დაგვაბრალა იმპროვიზაცია. არადა კარგად უნდა დაფიქრდეს ბატონი ღარიბაშვილი, რა ხდება სინამდვილეში, რატომ ჟონავს მისი ყოფილი უწყებიდან კადრები და რატომ არის ეს კადრები სწორედ მისი მინისტრობის დროინდელი და არა შემდგომი და მანამდელი მინისტრის პერიოდის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისვე თქმით, "რუსთავი 2"-ს ურთიერთობა აქვს ორ პროკურატურასთან - „ერთი იძიებს საქმეს და და ძალიან წარმატებულად აკეთებს ამას, მეორე, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და ავრცელებს პრემიერის მიერ მათთვის წინასწარ დაწერილ სცენარს".