ე.წ. "მუხროვანის ამბოხების" საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
ლევან ტაბიძე, მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მისი ადვოკატის, ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, ტაბიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ადვოკატის თქმით, მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების ოჯახზე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების დროს, ზეწოლა არ ყოფილა და არსებობს მტკიცებულებები, რაც ტაბიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
"საქმეზე ე.წ. ამბოხებულების დაკავება მოხერხდა ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიურობის შედეგად, რაშიც მათ სოლიდური გასამრჯელო აქვთ აღებული. დღევანდელი საქმე მთლიანად არის დამყარებული ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებებზე. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს ძველ საქმეზე, გამოსძალეს ცემით და წამებით. ლევან ტაბიძე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ, ოთანაძის ოჯახისწევრებს მიღებული აქვთ გასამრჯელო", - განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები.
პროკურატურამ შს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.