საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება სპორტსმენის ბრალეულობის გამო არ მომხდარა. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საუბრის ძირითადი თემა იყო "ის ტრაგედია, რომელიც მოხდა ვანქუვერში". ბაქრაძის თქმით, "დღეისთვის უკვე აღარ არის საუბარი, რომ ეს იყო სპორტსმენის ბრალეულობა და ამაზე არსებობს შეთანხმებაც".
ბაქრაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტთან არსებობს შეთანხმება, რომ მოხდება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავყოფა და ამისთვის აშენდება მისი სახელობის სპორტული კომპლექსი, სადაც ივარჯიშებენ ქართველი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენებიც. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი, თუ ეს სპორტული ცენტრი რა მასშტაბების უნდა იყოს და ზამთრის სპორტის რომელ სახეობებს უნდა მოიცავდეს.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საციგურაო ტრასით და კომპლექსში უნდა მოხდეს სხვა სახეობებში მომზადებაც.
"სახელმწიფო მზად არის ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში და მოხარული ვართ, რომ დაფინანსება მოხდება იმისათვის, რომ თანამედროვე სტანდარტები იქნას დანერგილი", - აცხადებს ბაქრაძე.