არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიესალმება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საჯარო სექტორში სტაჟირების გავლას შეეხება.
მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. აუცილებელია ახალგაზრდები გაეცნონ საჯარო სამსახურში მუშაობის სპეციფიკას, უშუალოდ ჩაერთონ უწყების რეალურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან კარიერული წინსვლისთვის. ასევე, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სტაჟირების შემდეგ ახალგაზრდები მიიღებენ ოფიციალურ სერტიფიკატებს, რაც, მათ შემდგომი დასაქმების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
როგორც ცნობილია, ინიციატივა საქართველოს რეგიონებზეც გავრცელდება და მთელ საქართველოს მოიცავს. ინიციატივის ეს ნაწილი, ჩვენი ორგანიზაციის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ რეგიონებში სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლება თვითმმართველობებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ და დაასაქმონ ადგილობრივი, მაღალკვალიციფიური კადრები, რაც შიდა მიგრაციის რეგულირებას და ამავდროულად სახელწიფოს თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და პრაკტიკული გამოცდილების დონის ამაღლება ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის კვალიფიციური კადრების რიცხვს და ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას, როგორც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ დონეზე.