კოპენჰაგენის გარეუბანში, კუნძულ რეფშალეონზე, ყოფილი გემთმშენებელი საწარმოს (Burmeister &Wain ) დოკში მოწყობილ გრანდიოზულ არენაზე გაიმართა ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური წარმოდგენა. არენა იტევს ათი ათას მაყურებელს, თუმცა პირველ ნახევარფინალზე დაახლოებით 800-900 თავისუფალი ადგილი იყო. რით იყო ეს გამოწვეული, ევროვიზიის პრესს-ცენტრის თანამშრომლებმა ვერ აგვიხსნეს, მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ, იმედია 8 მაისს მეორე ნახევარფინალზე ანშლაგი იქნებაო. ჩემი ლატვიელი და აზერბაიჯანელი კოლეგები ხუმრობდნენ, რომ წელს ევროვიზიით ჟურნალისტები უფრო მეტად არიან დაინტერესებული, ვიდრე მაყურებელიო. წლევანდელ ევროვიზიის კონკურსზე აკრედიტებულია 1600 ჟურნალისტი 80 ქვეყნიდან, მათ შორისაა ამ სტრიქონების ავტორი. პრესცენტრი განთავსებულია საკონცერტო არენის გვერდით დაცემულ გრანდიოზულ კარავში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნოლოგიებით, მოსასვენებელი და სამუშაო დარბაზებით, სასადილოთი,
მაგრამ თითქმის ყველა ერთხმად ჩიოდა აუტანელი დახუთულობის გამო. ყველას ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ტერიტორია ზემოაღნიშნული ნაგებობების ირგვლივ ძალიან მოუვლელია, ქვიშიანი და მტვრიანია, ძველი საწარმოს ნარჩენებია შემორჩენილი ხელუხლებლად. კოლეგებს უკვირდათ, რატომ აარჩიეს ორგანიზატორებმა ეს ტერიტორია ევროვიზიის ჩასატარებლად. თვით დანიელები გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი დარბაზი კოპენჰაგენში, რამაც განაპირობა არჩევანი. დანიელები მოგვითხრობდნენ, რომ რეფშალეოენის გემთმშენებელ ქარხანაში (რომელმაც შეწყვიტა მუშაობა 20 წლის წინ) თავის დროზე 1933 წელს სსრკ-ს შეკვეთით აუგიათ ყინულმჭრელი გემი "ჩელუსკინელები" - ის ჩაიძირა ერთი წლის შემდეგე არქტიკული ექსპედიციის დროს ყინულებში. . .
დანიელები ორმაგად დიდი სიამაყით გვიყვებოდნენ, რომ 60-იანი წლების ბოლოს და 70-იან წლებში ჰიპების დასახლება ყოფილა ამ ქარხნის ირგვლივ. . .
პირველი ნახევარფინალის დაწყებამდე ორი საათით ადრე VIP შესასვლელთან თბილად მომესალმა პოპულარული და ეპატაჟური უკრაინელი მომღერალი "ვერკა სერდიუჩკა" , დაინახა ჩემ მოსასხამზე და ქუდზე წარწერები "ჯორჯია, სოხუმი" - მომართა : "ოოო, გრუზია, უ ვას პრეკრასნიე პევცი, პერედაიტე პრივეტ გრუზიი".
საკონცერტო არენის ეზოში ვიდეო და ფოტოოპერატორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ დარბაზისკენ მიმავალი მარიკო ებრალიძე, ჯგუფი "შინ" და ქართული დელეგაციის წევრები. საკონცერტო დარბაზში ჩვენს უკან ისხდნენ ფანები სომხეთიდან. ერთერთმა მათგანმა მითხრა, რომ მისი მონაცემებით 100-ზე მეტი გულშემატკივარია ჩამოსული სომხეთიდან.გარდა ამისა, დარბაზში მრავლად იყვნენ დანიაში მცხოვრები სომხებიც, რომლებიც აქტიურობდნენ დროშებითა და შეძახილებით ევროვიზია გაიხსნა სომეხი მომღერლის გამოსვლით.
საყურადღებო და საინტერესო იყო ის, რომ ტრიბუნაზე ჩვენ უკან მყოფი სომხეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა (20-25 წლის ასაკის) გულშემატკივრები აპლოდისმენტებითა და დადებითი შეძახილებით შეხვდნენ და სიმღერის შემდეგაც ასეთივე სითბოთი გააცილეს აზერბაიჯანელი მომხიბვლელი მომღერალი დინარა კაზიმოვა. ამ ფაქტმა დადებითად იმოქმედა მაყურებლებზე და ჩემზეც, ხელი ჩამოვართვი სომეხ ახალგაზრდებს ასეთი ჟესტის გამო აზერბაიჯანელი მომღერლის მიმართ და მადლობა გადავუხადე. პასუხად მივიღე- "ჩვენ არ გვძულს აზერბაიჯანელები".
მთელი დარბაზი ოვაციით შეხვდა უკრაინელ მომღერალს მარია იარემჩუკს. როგორც კი გამოაცხადეს უკრაინა და აჩვენეს მათი საპრეზენტაციო კლიპი, დარბაზმა ოვაციებით იქუხა. ასობით უკრაინელმა და არაუკრაინელმა ამ ქვეყნის მხარდასაჭერად უკრაინის დროშები ააფრიალა. მეც შევუერთდი ამ პროცესს, როგორც უკრაინაში 7 წელი ნაცხოვრები ქართველი და როგორც ამ ქვეყნის მეგობარი. ჩემი განუყრელი მეგაფონი არ მქონდა (დარბაზში აკრძალული იყო რაიმე ტექნიკური საშუალებების შეტანა ტელეფონის გარდა) და მაქსიმალურად ხმამაღალი შეძახილით - "ჰაი ჟივე უკრაინა " (გაუმარჯოს უკრაინას) შემოვიფარგლე. მარია იარემჩუკის სიმღერის დროს უკრაინის მხარდასაჭერად ტრიბუნაზე აწეული მქონდა ჩემი ბანერი "ჯორჯია, სოხუმი" (იხ. ფოტო, რომელიც გადაიღეს სომეხმა ფანებმა). კონცერტის დასრულების შემდეგ რამდენიმე უკრაინელი მოვიდა ჩემთან და უკრაინის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაიხადეს. მთხოვეს გადაცემა ევროვიზიის ქართველ მონაწილეებისთვის რომ ისინი 8 მაის აქტიურად უქომაგებენ მარიკო ებრალიძეს და ჯგუფ "შინს" .
მხარდაჭერას დაგვპირდნენ აგრეთვე ფანები და კოლეგები სომხეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
თენგიზ პაჭკორია, კოპენჰაგენიდან.
ფოტო - ბანერი "ჯორჯია, სოხუმი" უკრაინელი მომღერლის გამოსვლის დროს;
ევროვიზიის პრესცენტრის კარავი;
"ვერკა სერდიუჩკა" და ამ სტრიქონების ავტორი;