ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის დაყენება ქართულ მხარეს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი იგი საფრანგეთს დატოვებს და სხვა ქვეყანაში გადავა.
დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიაში კვლავ რჩება და თუკი საფრანგეთს დატოვებს, მას ის პროცედურები ელოდება, რაც ინტერპოლით ძებნილებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააკეთა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, დავით კეზერაშვილს საფრანგეთის სასამართლომ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მიანიჭა.
პროკურატურამ დავით კეზერაშვილს დღეს ბრალი დაუმძიმა. იგი კიდევ ერთ საქმეზეა ბრალდებული, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას მიმართ გამოტანილია დადგენილებები მათი ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7- დან 11 წლამდე ვადით.
ამასთან, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" საქმეზეა ბრალდებული. მასე ასევე ბრალი აქვს წაყენებული ე.წ. კონსტრაბანდული სპირტების საქმეზე.
დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ერთხელ უკვე იყო დაკავებული, თუმცა სასამართლომ ის პატიმრობიდან გაათავისუფლა და ქართული მხარისთვის გადაცემაზე უარი თქვა.