20-21 მარტს დაბა ბაკურიანში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის სემინარი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პროკურატურაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ამ რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზები. სემინარს 20-მდე ჟურნალისტი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ჟურნალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის როლისა და პოლიტიკის შესახებ სისხლის სამართლის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში. "საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტის შესახებ ჟურნალისტებს უშუალოდ პროექტში ჩართული პროკურორები ესაუბრნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურა "საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტს 2006 წლიდან ახორციელებს და ამ დროისთვის მასში ჩართულია საქართველოს 7 რაიონის პროკურატურა. პროექტის ფარგლებში პროკურორები რეგულარულად ხვდებიან თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მათ სამართლებრივ თემებზე გაკვეთილებს უტარებენ - იმართება დისკუსიები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები. პროკურატურაში აცხადებენ, რომ შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, პროექტი ასევე მიზნად ისახავს პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცველი ორგანოს მუშაობის ეფექტურობას, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
სემინარზე წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის მედიასთან კომუნიკაციის პროცედურების სამუშაო ვარიანტი და ამ დოკუმენტის განხილვა ჟურნალისტებთან ერთად გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ავსტრიული კომპანია "Human Dynamics"-ი