პარლამენტის სპიკერი მანანა კობახიძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საკითხზე გამოძიება არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ბუნებრივია, ტელეკომპანიასაც აქვს პასუხისმგებლობა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება, თუნდაც ვისგან აქვს ეს ინფორმაცია მიღებული.
როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, ეფექტური გამოძიებისთვის არსებითია რომ "რუსთავი 2"-მა, როგორც დაზარალებულმა მხარემ, თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ეკისრება.
სპიკერის განმარტებით, მედიას შეუძლია საინფორმაციო წყარო არ დაასახელოს სამოქალაქო კანონმდებლობით, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც დაზარალებული თუ მოწმე, ვალდებულია, ყველა ინფორმაცია მისცეს გამოძიებას, რაც მის ხელთ არსებობს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.