ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ტელეკომპანია ,,რუსთავი-2"-ში აღმოჩენილი ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება და დასკვნაც ადეკვატური იქნება.
,, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თქვენ იცით რომ გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება", _განაცხადა ხადურმა.
შგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონა ინფორმაციამ და შემდეგ, ტელეკომპანიას მიაწოდეს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ისმის და თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს ნიკა გვარამიას და მისი პირველი მოადგილის, იმავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის ფარული აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. ჩანაწერი მოიცავს 2 ფაილს, ნიკა გვარამიას შემთხვევაში 15 წუთიან , ხოლო ნინო შუბლაძის შემთხვევაში 1 საათიანი ქრონომეტრაჟით. იმის გამო, რომ ჩანაწერში არის პირადი და საქმიანი ხასიათის დეტალები, მისი სრული გასაჯაროვება არ მოხდება.
"მიუხედავად არაერთი დაპირებას, რომ პირველ რიგში ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური ცვლილებები, ჩვენ შემთხვევაში ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - წამყვანი ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტის აუდიო ვიზუალურ თვალთვალს. რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდოს ვიდეომასალა სადაც თვალნათვლივ ჩანს როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს ორ ფაილს. ჩემ შემთხვევაში ჩანაწერის ქრონომეტრაჟი არის 15 წუთი, ნინო შუბლაძეზე- 1 საათი. მედიას მივცემთ ამონაკრებს თითო წუთიანს. დანარჩენზე არის პირადი ხასიათის დეტალები, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ", - აღნიშნა გვარამიამ.
მისივე თქმით, ინფორმატორის ცნობით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაილი, რომელიც ასახავს ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრების და შეხვედრების ჩანაწერებს.
"ჩვენი ძალებით ვეცადეთ სათვალთვალო ტექნიკის აღმოჩენა, მაგრამ ვერ შევძელით. აღმოვაჩინეთ სპეციფიური ნახვრეტები, თუმცა ვიდეოკამერები არ დაგხვდა", - აღნიშნა გვარამიამ, რომლის ინფორმაციითაც ჩანაწერები 2013 წლის ივნისშია გაკეთებული.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყდეს მედიის უკანონო თვალთვალი და მიყურადება; დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ უშუალო დამნაშავეები, ასევე ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც მიღებული აქვს უკანონო გადაწვეტილება, ან გაცემული აქვს უკანონო დავალება, ან რომლისთვისაც ცნობილი იყო, უკანონო ქმედებების განხორციელების თაობაზე და არ მიიღო ზომები მათ აღმოსაფხვრელად;
ნიკა გვარამიას განცხადებით, მომავალში, ნებისმიერი სახისა და შინაარსის უკანონოდ მოპოვებული აუდიო, თუ ვიდეო მასალის ნებისმიერი გზით გავრცელებასა და საინფორმაციო სივრცეში მათ განთავსებაზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქრთველოს ხელსიუფლებას.