დღეს, 5 მაისს ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ეჭვმიტანილ ნოშრევან ნამორაძეს ბრალს წაუყენებენ. ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება იმ მუხლს, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, რის საფუძველზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. გელაშვილის არ გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენის მომენტში საბრალდებო მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
ადვოკატის ინფორმაციით, მას ჰქონდა საუბარი ეჭვმიტანილთან, რომელიც უარყოფს, ინფორმაციას, თითქოს, დავით კოდუაზე თავდასხმის დროს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.
ბიზნესმენ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა. პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
,,პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე. მას ჩაუტარდა განმეორებითი გამოკვლევები, კერძოდ, თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა. დადგინა, რომ არის მცირე ზომის ტრამვული სისხლჩაქცევები. კლინიკურად პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა. პაციენტი იმყოფება მართვის სუნთქვაზე", _განაცხადა ექიმ-რეანიმატოლოგმა თეონა ხოჭუამ.
დავით კოდუას აბაშიძის ქუჩაზე თავს 3 მაისს დაესხნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
3 მაისსვე შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.