ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაური თბილისში ხვალ, 18:00 საათისთვის ჩამოფრინდება.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს ქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, მეზღვაურები სამშობლოში დღეს გამოემგზავრებიან, თუმცა პირდაპირი რეისის არარსებობის გამო, ისინი თბილისში ჩამოფრენას ხვალ საღამომდე ვერ შეძლებენ.
კალანდაძის განმარტებით, მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყველა საკითხი მოგვარებულია და ჯერჯერობით არანაირი დამატებითი პრობლემა არ არსებობს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.