ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სოფელ დიღომში, ვაშაძის #43-ში, ყოფილ ჰიდროლოგიის ბიუროს შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული შენობის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართის საკუთრებაში გადაცემზე ესაუბრა.
აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია აღნიშნულ ობიექტში ცხოვრობენ. ქარიშხალმა შენობას სახურავი მთლიანად გადახადა და დევნილები მის გადახურვას ითხოვდნენ. მათი თქმით, კმაყოფილები არიან, რომ გადახურვა დაიწყო, თუმცა, ფართების საკუთრებაში გადაცემას ელოდებიან.
"1993 წლიდან აქ ვცხოვრობთ. 17 წელია, ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ბოლო პერიოდის ქარის შედეგად სახურავი მთლიანად აიხსნა, შუშები ჩაიმტვრა და დახმარებას ველოდით. დაგვპირდნენ, რომ შენობას მაშინვე გადახურავდნენ, როგორც კი გამოიდარებდა. დღეს მოვიდნენ და მუშაობენ. ჩვენი სახსრებით ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით. მინისტრმა გვითხრა, რომ ამ ბინებს საკუთრებაშიც გადმოგვცემენ, რამაც ძალიან გაგვახარა", - განაცხადა მინისტრთან შეხვედრისას დევნილმა ნანა ოჩიგავა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ობიექტის გაზიფიცირებაშიც დაეხმარება.
"ეს ერთ-ერთი ობიექტია, რომელიც ქარიშხალმა დააზიანა. გადახურვის სამუშაოები დაწყებულია და ამას გარდა, პრტეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ვისაც სურვილი აქვს ფარტებს საკუთრებაში გადავცემთ. ეს ერთ-ერთი ობიექტი იქნება, სადაც აფხაზეთიდან დევნილები მეტნაკლებად ნირმალურ პირობებში იცხოვრებენ. დევნილთა თანამონაწილეობით გაზიფიცირებაშიც დავეხმარებით", - განავცხადა კობა სუბელიანმა.
დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. კობა სუბელიანი მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრება.