ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთები" კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში - "კანის კლასიკაში" იქნება ნაჩვენები. ამ სექციაში ქართული ფილმი პირველად ხვდება. თუმცა, "ცისფერი მთები" 1985 წელს კანში რეჟისორთა კვირეულზეც აჩვენეს.
ფესტივალმა ეს სექცია ძველი ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანასთან ერთად მოიფქრა და მაყურებელს მსოფლიო შედევრების კვლავ ნახვის საშუალებას აძლევს. მოლაპარაკებები კანის ფესტივალის დირექციასთან ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ფესტივალის ჟიურიმ წარდგენილი 1000 ფილმიდან საუკეთესო ოცეულში ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთებიც" შეიტანა.
"გარდა იმისა, რომ მხატვრული მხარე იყო საინტერესო, მუდმივი თემაც არის საინტერესო, რომელიც არ კვდება. ალბათ საფრანგეთშიც არის ასეთი ბიუროკრატია. მიხარია, იმიტომ რომ ეს იქნება ქართული კინოს დაბრუნება. დიდი ხანია კანში ქართული კინო ნაჩვენები არ იყო", - აცხადებს ელდარ შენგელაია.
კანში ფილმების ჩვენებას სოფი ლორენი გახსნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფილმი, რომელიც წელს ამ სექციის პროგრამაში მოხვდა, სერგო ფარაჯანოვის "საიათნოვაა".