დღეს, 2 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ ,,ქოლგას" ფარგლებში ფოტო გამოფენა გახსნება.
ფოტოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: ჯემალ კასრაძის დოკუმენტური და სპორტული ფოტოგრაფია; ადამ პანჩუკის ფოტო ნამუშევრები მისი ორი სერიიდან - „კარჩებები" და „მსახიობები"; ნათან დვირი - "რწმენა".
ჯემალ კასრაძე - საქართველო 80-90-იან წლებში, დოკუმენტური ფოტოს და სპორტული ჟურნალისტიკის ოსტატია. დოკუმენტური და სპორტული ფოტოგრაფია მისთვის სინამდვილის სარკეა, გაცოცხლებული, შენახული დრო სწორედ ის მოვლენებია, რომლებსაც ყოველთვის მთავარ მომენტში უნდა მიუსწრო, დაინახო და დააფიქსირო. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ჯემალ კასრაძეს გადაეცემა ალექსანდრე როინაშვილის პრიზი ქართულ ფოტოგრაფიაში დოკუმენტური და სპორტული ფოტოს განვითარებისათვის.
ადამ პანჩუკის ფოტოები ასახავს ადამიანთა ყოფას ჩვენთვის უცნობ და ამოუცნობ გარემოში. პოლონეთის აღმოსავლეთის ერთ-ერთ დიალექტზე ,,კარჩებებს" იმ ადამიანებს უწოდებდნენ, რომლებიც მიჯაჭვული იყვნენ მიწასთან და თაობების მანძილზე ამუშავებდნენ მას. ხოლო სერიაში ,,მსახიობები" ასახულია სოფელ ლუბენკას სახალხო თეატრის, „ჩელადონკას" სხვადასხვა წარმოდგენები.
ფოტოგრაფი ნათან დვირი თავის ნამუშევრებში ასახავს იმ გარემოს რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. ავტორს ადრეული ასაკიდანვე რეგულარულად უწევდა ძლიერ რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ რწმენებთან თუ იდეებთან შეხება.
KOLGA TBILISIPHOTO 2014-ის ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს ფოტოკონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას და 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით მოეწყობა, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი გამოფენები. ხოლო, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ პირებს მოწვეული ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და კრიტიკოსები ჩაუტარებენ საგანმანათლებლო სახის ვორქშოფებს, სემინარებს და პორტფოლიო ჩვენებებს.
წელს უკვე მე-13-ე წელია, რაც საქართველოში იმართება ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა". ფოტოკონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის განმტკიცებისთვის, ფოტოკონკურსი გამოცხადდა უცხოეთშიც, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში.