უკრაინაში რუსული საელჩოს სამხედრო საზღვაო ატაშე პერსონა ნონ -გრატად არის გამოცხადებული და მან უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ატაშეს აძევებენ იმის გამო, რომ მისი საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატიურ სტატუსს.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატი, რომლის ვინაობაც არ სახელდება უკრაინის უშიშროების სამსახურმა „წარმატებულად ჩატარებული კონტრსადაზვერვო ოპერაციის შედეგად" დააკავა „ადგილზე, მაშინ როდესაც ის აგენტურულ საქმიანობას ახორციელებდა".
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატი უახლოეს დროში უკრაინის ტერიტორიას დატოვებს. რუსულ მხარეს ჯერ ჯერობით ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.