ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის საკონცერტო დარბაზში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 23-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო საღამოზე მოწვეულ სტუმრებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მეუღლესთან ერთად უმასპინძლა.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე და ვახტანგ კახიძის სიმფონიური ორკესტრების ერთობლივი შესრულებით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ჰიმნის დასრულების შემდეგ, ოფიცრებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცეს.
ქართველ ოფიცრებს ვიდეო მიმართვით სან დიეგოდან მიესალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც სამუშაო ვიზით აშშ-ში იმყოფება და დღეს დაშავებული ქართველი სამხედროების მოსანახულებლად პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკას ესტუმრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სამხედროებს ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის პირადი შემადგენლობის სახელით, საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმაც მიულოცა.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით 36 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სამხედრო სასულე და სიმფონიური ორკესტრების მიერ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.
ქართული არმიის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.