დღეს, 1-ელ მაისს, 11 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონის ავტორი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე პრესკონფერენციას გამართავს.
2014 წლის 1 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" ძალაში შედის. კანონის მიხედვით, ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც შეიცავს კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, წარმოადგენს სამართალდარღვევას. სასჯელის ზომა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისთვის, ისევე, როგორც უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისთვის 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება. კანონის მიხედვით ქიმიურ ნაერთთა სულ 9 კლასია განსაზღვრული, ასევე განსაზღვრულია ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებები, რომლებიც ამ კლასებს არ განეკუთვნება.
ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის
ნოემბრის შემდეგ მუშაობს. კანონი ეფუძნება ევროპის ოთხი ქვეყნის - ავსტრია, კვიპროსი, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია - ახლებურ მიდგომას.