3 მაისს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ „ქოლგას" ფარგლებში ფოტო გამოფენა „ბრაზილიის მშრალი გული" გახსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოების სერია „ბრაზილიის მშრალი გული - O Sertão" ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ის ფოტოგრაფის თვალით დანახულ სერტაუს ცხოვრებას ასახავს. ბრაზილიის სანაპირო - ატლანტიკის ტყეები, პალმის ხეები, კილომეტრზე გადაჭიმული ქვიშიანი სანაპიროები, მრავალფეროვანი ბუნება, პეიზაჟი, რომელიც სერტაუს აკრავს გარს, უმეტესწილად ყავისფერია. აქ კაქტუსები ოთხი-ხუთი მეტრის სიმაღლეზე იზრდება და ხეებსაც კი ეკლები აქვთ; ბალახი უხეშია, ნიადაგი - მტვრიანი. აქ მხოლოდ ორი სეზონია: ცხრა თვე - გვალვაა, დანარჩენ პერიოდში, შეიძლება წვიმა წამოვიდეს, რასაც "წვიმიან სეზონს" უწოდებენ.
სერტაუ თავგადასავლების მაძიებლებმა „დაიპყრეს", რომლებიც აქ ძვირფასი ლითონების ძიებამ მოიყვანა. სხვა მოსახლეობას მიწის არმქონე ფერმერები, გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავეები და ყოფილი მონები შეადგენდნენ. აქაური განცალკევებული საზოგადოება, ძირითადად, ჯოგურ მეცხოველეობას, რელიგიას და თვითგადარჩენის ინსტინქტს ეფუძნება.