იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტს "მოქალაქეობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით წარუდგინა, სადაც კიდევ ერთხელ იქნა განმარტებული ის მიზეზები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგულაციის აუცილებლობა გამოიწვია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონი 1993 წელს არის მიღებული, რის შემდეგაც არსებითად შეიცვალა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება. გარემოებათა ცვლილებების პარალელურად, კანონში დროდადრო შედიოდა შესწორებები, რის გამოც მისი ზოგიერთი მუხლი წინააღმდეგობრივი გახდა, ზოგიერთი კი, - მოუქნელი და გამოუსადეგარი.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა "მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ" გაერო-ს 1961 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც გამოიწვია.
კანონპროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება. თავდაპირველი ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის თანხმობა - კონტრასიგნაცია.
"ვფიქრობ, ამ უფლების პრეზიდენტზე გადაცემით კანონი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციასთან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
კანონი ახლებური მიდგომებს ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურასა და მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებში.