საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, ხოლო შემდეგ მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა.
დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ესტონეთში გამართული შეხვედრები შეაფასა: „შევხვდით ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს იყო უაღრესად იმედის მომცემი შეხვედრები, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარებაში, რომელიც ახლა არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით ესტონეთის სრული მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ნატოში ინტეგრაციის, ასევე ევროპასთან ასოცირებისა და ევროპის ოჯახში გაწევრების მიმართულებით. ეს იყო მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა საქართველოსა და ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიული კურსის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რაც ყველა შეხვედრაზე აღვნიშნე, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ესტონელი პარტნიორების მიერ გამოხატული მხარდაჭერისათვის."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრეზიდენტის მიერ გამართულ გალა-სადილს დაესწრო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად თბილისში გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები