პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის ვარაუდით, ხვალ დაგეგმილ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" ტელეკომპანია "იმედის" ეთერით 13 მარტს გაშუქებულ იმიტირებულ "ქრონიკაზე" იქნება საუბარი.
"ნაკლებსავარაუდოა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრონ, რადგან მასში ამ შეკრების გამართვის ინიციატორი - ლეიბორისტული პარტია საერთოდ არ მონაწილეობს. ალბათ, 13 მარტის იმიტირებულ "ქრონიკაზე" გაიმართება მსჯელობა, რადგან ხელისუფლების მხრიდან აღინიშნა, რომ გადაცემაში ნაჩვენები სცენარი საკმაოდ რეალისტურია. ვფიქრობ, ოპოზიციონერი ლიდერები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ ომი", - განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი ხვალ დაგეგმილ შეკრებას მიესალმება და აცხადებს, რომ "ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენებზე ერთად დასხდომა და ერთიანი პოზიციის გამომუშავება ყოველთვის საჭიროა".
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტულმა პარტიამ" ოპოზიციურ სპექტრს "დიდი ოპოზიციური შეკრების" გამართვის წინადადებით მიმართა, რასაც პოლიტიკური უმცირესობის თითქმის ყველა ძირითადი ლიდერის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. შეხვედრა ხვალ, 13:00 საათზე, "თბილისი-მარიოტში" გაიმართება და მასზე არასაპარლამენტო ლიდერები "ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას" ერთად შეიმუშავებენ.