დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, თამარ ჩიქოვანის შეფასებით, ქართული ჟურნალისტიკა მძიმედ ავადაა, თუმცა დიაგნოზის არსებობის მიუხედავად მისთვის მკურნალობის კურსის დანიშვნა დროში იწელება.
"მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ არიან ჟურნალისტები და
მედიასაშუალებები, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად თავის მოვალეობას ასრულებენ. დარწმუნებული ვარ, ქართული მედიის ავადმყოფობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან წარმოუდგენელია ეს კიდევ დიდხანს დაუშვას როგორც თავად ჟურნალისტებმა, ისე საზოგადოებამ, რომელსაც ამდენი ტყუილის პირობებში ცხოვრება ძალიან მოსწყინდა", - განუცხადა ჩიქოვანმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ის უცხოეთის იმ ქვეყნებში ჩატარებულ აქციებსაც იხსენებს, რომლებშიც დამოუკიდებელი მედიის ხარისხის შესუსტებას ჰქონდა ადგილი და აცხადებს, რომ აღნიშნულის გაგრძელების შემთხვევაში არ არის გამორიცხული საქართველოშიც იგივე მოხდეს.
"არ უნდა დაგვავიწყდეს უცხოეთში ჩატარებული აქციები, როცა ტელევიზორებს ფანჯრის რაფებზე პირით ქუჩისკენ დებდნენ. მაინცდამაინც თუ ამას ელოდებიან ზოგიერთები, შესაძლებელია ასეც მოხდეს", - განმარტავს ჩიქოვანი.
რაც შეეხება ქართველი ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს, ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ის მაღალია, რაც იმის ნიშანია, რომ "ყველაფერი კარგად იქნება".
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს.