ხვალ, 28 აპრილს, 17:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ცნობილი ქართველი მეცნიერისა და მხატვრის, ქართული კერამიკული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლის, ზაქარია მაისურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენაზე წარმოგიდგენთ ზაქარია მაისურაძის კერამიკულ პანოებს, ნაკეთობებსა და შუა საუკუნეების პლასტიკის ნაწარმოებების ასლებს.
29 აპრილს, კი 11:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება ხელოვანისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც ქართული თანამედროვე პროფესიული კერამიკის პრობლემებს დაეთმობა.
ზაქარია მაისურაძე ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი პედაგოგიური მუშაობა, შუა საუკუნეების ქართული კერამიკული ხელოვნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომები და ამ დარგის ტექნოლოგიურ-პრაქტიკული პრობლემების კვლევა საფუძვლად დაედო ქართული კერამიკის განვითარებას.