საქართველოს პრეზიდენტმა ყურბან ბაირამობის დღესასწაული საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს პირველმა პირმა მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს დღეს პირადად გააცნო.
როგორც ცნობილია, მუსულმანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამობის დაწყებას აღნიშნავს, რომელსაც მარნეულში მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
"გილოცავთ ამ დღესასწაულს და მინდა იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად მას მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან თქვენ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხართ. მინდა იცოდეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, თქვენი დღესასწაული საერთო ეროვნულ დღესასწაულად ცხადდება და ამიერიდან მას ყოველ წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობა აღნიშნავს. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ერის ყველა შვილი ჩვენთვის ერთნიარად ძვირფასია, ყველა მათგანის ტკივილი გვტკივა და ზეიმი გვიხარია", - მიმართა სააკაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს.
ამასთან, პრეზიდენტმა მათ საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ახალი რეფორმაც გააცნო და განუმარტა, რომ ყველას, ვისაც აზერბაიჯანული სკოლა აქვს დამთავრებული, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება გამარტივებული პროგრამით მოუწევს.
"ეს კეთდება იმისთვის, რომ თქვენ უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს გარდა არსად წახვიდეთ", - განმარტა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მარნეული დღესდღეობით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რაც მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ამ რაიონში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა.
"როცა მე პრეზიდენტი გავხდი, მარნეული ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალაქი იყო, დღეს კი ლამაზი ქალაქია, რითაც ძალიან ვამაყობ და კიდევ უფრო ლამაზი გახდება", - განმარტა სააკაშვილმა.