საქართველოს პრეზიდენტის პრაღაში ვიზიტის ფარგლებში დღეს კონფერენციას დაესწრო, რომლის სახელწოდებაა „აღმოსავლეთ პარტნიორობა ხუთი წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის". ქვეყნის პირველმა პირმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა, ამ მხრივ, ყურადღება ევროპარლამენტის 17 აპრილის რეზოლუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 49 მუხლის თანახმად, იხსნება ახალი შესაძლებლობები ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. ამავე პუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული მომავალი შეუქცევადი და განსაზღვრულია და ამ არჩევანში მესამე სახელმწიფოთა ჩარევა დაუშვებელია.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი რამ მოუტანა საქართველოს, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში დემოკრატიისა და პოზიტიური პროცესების განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა ევროინტეგრაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმ პროექტებსაც შეეხო, რომელთა განხორციელება სასარგებელო იქნება მთლიანად რეგიონისთვის. მისი თქმით, საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, ქმნის საინტერესო პერსპექტივას ენერგოდერეფანისა და კომუნიკაციების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ევროპისათვის ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი უკარინის თემასაც შეეხო.
„ჩვენ ძლიერ გვაწუხებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თუმცა ზუსტად იგივე მოხდა ექვსი წლის წინათ საქართველოში და ვიცით, რომ, სამწუხაროდ, რუს პოლიტიკოსებს არ მიუღიათ ნათელი გზავნილი, რომ ეს არ არის მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაციის გზა და კომუნიკაციის ეს ფორმატი დაუშვებელია. ამ ფაქტმა შექმნა პრეცენდენტი რუსეთის ფედერაციისთვის, იგივე გაემეორებინა 2014 წელს."
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული გზა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური, არამედ მთელი ერის კულტურული არჩევანია.
„მჯერა, რომ საქართველოს გზა ევროპული ოჯახისაკენ იქნება მშვიდობიანი და სარგებელს მოუტანს, როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ევროკომისარმა შტეფან ფულემაც მიმართა. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებსა და ევროპული ოჯახის გაფართოების საკითხებზე იმსჯელა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის განცხადება საქართველოსა და მოლდოვის მიერ ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარე წლის ივნისში ხელმოწერის შესახებ.
დღესვე, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუბომირ ზაორალეკის ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.