,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა ყვარელში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდართან ,,ნაცმოძრაობას" საერთო არაფერი აქვს.
,,ტელეკომპანია ,,იმედის" საინფორმაციოში გავრცელდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რაიმე ფორმით ჩართულია იმ ვაქხანალიაში, რაც ყვარელში ხდება. სინამდვილეში ოცნების გამგებელ ქევხიშვილს დაუპირისპირდა ოცნების მთავრობის, კერძოდ, ღარიბაშვილის ფავორიტი შსს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ზედელაშვილი. ყვარელში ოცნება ერთმანეთს ესვრის კვერცხს. ხოლო ადგილობრივი "შიხიაშვილები" პროპორციულად არიან გადანაწილებულნი ორივე ჯგუფში. ,,ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ქევხიშვილის არც არჩევაში მიუღია მონაწილეობა და აეც გადარჩევაში აპირებს მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ", _აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ყვარლის გამგებელი დავით ქევხიშვილი დააკავეს. პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
გამგეობის შენობაში პოლიციის საგანგებო დანაყოფები შეიყვანეს. სამართალდამცველები საკრებულოს წევრებს იცავენ, რომელთაც დღეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
უკვე მეორე დღეა გამგეობა პარალიზებულია. შენობა პიკეტირებული აქვთ გამგებლის მხარდამჭერებს. დღეს ინციდენტიც მოხდა, შეკრებილებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები ესროლეს.
აქციის მონაწილეები საკრებულოს მოთხოვნას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
ქევხიშვილი „ქართული ოცნების" წევრია, მას ახლა ოპოზიციასთან ერთად მისივე თანაგუნდელებიც უპირისპირდებიან და მის გადადგომას კატეგორიულად ითხოვენ.
საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ქევხიშვილი, რომელსაც ამავე დროს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. თავად გამგებელი კი სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის გამოძიებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.