მალტის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველამ საქართველოში ვიზიტისას, გაცილებით მეტი შეიტყო გეოპოლიტიკური რეალობების შესახებ.
ამის შესახებ ჯორჯ ველამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მალტა ახალი ქვეყანაა და სულ ორმოცდაატიოდე წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1993 წლიდან კი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, რის შემდეგაც ბევრი არაფერი მომხდარა.
"ჩვენ მანამდე კოლონია ვიყავით და გამუდმებით ვიბრძოდით მშვიდობისა და თავისუფლებისთვის. იმისათვის, რომ ჩვენი ბედი თავად გვემართა. ჩვენ 1993 წლიდან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, მაგრამ მას შემდეგ ბევრი არაფერი მომხდარა. დღეს კი ჩვენ მოწადინებულები ვართ ამ ურთიერთობების გაღრმავებისაკენ. ევროკავშირში ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობების გაფართოებაზე, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას წაადგება", - განაცხადა ჯორჯ ველამ.
საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე იგეგმება მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.