სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია დღეს მეორე სხდომას გამართავს. სხდომაზე საარჩევნო სუბიექტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კომისიისთვის წარდგენილ ინფორმაციას განიხილავენ.
დღის წესრიგში სულ 7 საკითხია, მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარდგენილი პრეზენტაცია იქნება. სააგენტო, საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით, ამომრჩეველთა გაორების იდენტიფიკაციასა და მის აღმოფხვრას ახორციელებს.
უწყებათაშორისი კომისია დღესვე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ ხარაგაულისა და საგარეჯოს გამგებლობის კანდიდატების საგამოძიებო უწყებაში დაბარების საკითხს განიხილავს.
უწყებათაშორის კომისიას დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
მასალის გამოყენების პირობები