არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" დავით ახალაიას დაკავების და მისთვის ყალბი დოკუმენტაციის აღმოჩენის ფაქტს კიდევ ერთ საგანგაშო ვითარებად მიიჩნევს. კიდევ ერთხელ დასტურდება წინა მმართველობის პერიოდში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემის სისტემური ფაქტების არსებობა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ივანე მერაბიშვილს ქონდა ქვეყნის დატოვების მცდელობა ვინმე ლევან მაისურაძის დოკუმენტებით. სავარაუდოა, რომ გაყალბებული დოკუმენტებით კიდევ არა ერთი ყოფილი თანამდებობის პირი და ამჟამად ძებნილი აფარებს თავს სხვადასხვა ქვეყანას, რაც ხელს უშლის სამართლიანობის აღდგენის პროცესს საქართველოში.
მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, განახორციელოს მონაცემთა ბაზების მონიტორიგი იმ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან მიმალვაში, რათა დადგინდეს ფიქსირდება თუ არა სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე ანალოგიური, სხვა სახელით და გვარით დოკუმენტების გაცემის ფაქტები. ასეთის არსებობის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად გაატაროს ქმედითი ღონისძიებები და მიაწოდოს ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, რათა ძებნაში მყოფმა პირებმა ვერ მოახერხონ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას.